
ჯოშ ჰოლოუეი
Josh Holloway
ჯოშ ლი ჰოლოუეი (დაიბადა 1969 წლის 20 ივლისს) არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმს „სოიერ“ ფორდის როლით სატელევიზიო სერიალში „დაკარგულები“ და უილ ბოუმენის როლით სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამაში „კოლონია“. ბოლოს ის მუდმივ როლს ასრულებდა ვესტერნ სერიალის „იელოუსტოუნის“ მე-3 სეზონში. ჰოლოუეი დაიბადა სან-ხოსეში, კალიფორნიაში. ის მეორე ვაჟი იყო ოთხი ვაჟიდან, რომელთა დედა მედდა იყო, ხოლო მამა — ტოპოგრაფი. მისი ოჯახი ჯორჯიის ბლუ-რიჯის მთებში გადავიდა, როდესაც ის ორი წლის იყო. ის გაიზარდა ფრი ჰოუმში, ჯორჯიაში. ჰოლოუეი ნათესაური კავშირებით დაკავშირებულია ბაპტისტ პრედიკატორ დოქტორ დეილ ჰოლოუისთან და მწერალთან, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ კარლ ჰოლოუისთან. ის, ასევე, რობერტ ე. ლის შთამომავალია. ჰოლოუეი სწავლობდა ქალაქ კანტონში (ჯორჯია) მდებარე ჩეროკის საშუალო სკოლაში და 1987 წელს დაამთავრა იგი. კინოთი დაინტერესება ძალიან ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ის სწავლობდა ჯორჯიის უნივერსიტეტში, მაგრამ ფინანსური შეზღუდვების გამო ერთი კვარტლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ჰოლოუეი გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც მან წარმატებული კარიერა დაიწყო პოდიუმისა და პრინტ-მოდელის სახით, მათ შორის, ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Dolce & Gabbana, Calvin Klein და Donna Karan. 1993 წელს ჰოლოუეი გამოჩნდა ჯგუფ Aerosmith-ის სიმღერის „Cryin'“ ვიდეოკლიპში, სადაც ის თამაშობდა ქურდს, რომელიც ცდილობს, რესტორნიდან მოიპაროს ალისია სილვერსტოუნის ჩანთა, მაგრამ ის იჭერს და სცემს ქურდს. ჰოლოუეიმ საბოლოოდ დაიწყო მსახიობობა. მისი პირველი როლი იყო „ლამაზი ბიჭის“ როლი სერიალის „ანგელი“ ერთ-ერთ ეპიზოდში 1999 წელს, რასაც მოჰყვა როლი კომედიაში „დოქტორი ბენი“ და ფილმებში „ჩემი მეგობარი“, „მოძრავი აგვისტო“ და „ცივი გული“. ამ როლების შემდეგ მან აღიარება მოიპოვა Sci-Fi Channel-ის ფილმში „საბრტუზი“ შესრულებული მთავარი როლით, დევიდ კითთან და ჯონ რის-დევიზთან ერთად. ის, ასევე, გამოჩნდა სერიალის „კარგი გოგონები არ“ ეპიზოდში „სიყვარულისადმი მიჯაჭვული“; სერიალის „NCIS“ ეპიზოდში „ჩემი მეორე მარცხენა ფეხი“; სერიალის „ლაიონის ბუნაგის“ ეპიზოდში „განცალკევების შიში“; სერიალის „უოლკერი, ტეხასის რეინჯერი“ ეპიზოდში „შუა საუკუნეების დანაშაულები“; და სერიალის „CSI: დანაშაულის ადგილის გამოძიება“ ეპიზოდში „არაფრის დაშვება“. მისი დიდი წარმატება მაშინ დადგა, როდესაც ის აირჩიეს ჯეიმს „სოიერ“ ფორდის როლზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში „დაკარგულები“. სერიალმა ჰოლოუეი ცნობადობის სტატუსამდე აიყვანა, მაგრამ მას ცოტა დრო დაუტოვა, რომ თავისი პოპულარობა სხვა როლებში გამოეყენებინა.
ფილმოგრაფია

დაკარგულები

